- ბონჰოეფერი დიტრიჰ
- (1906-1945) ეკუთვნოდა საუნივერსიტეტო თეოლოგიურ წრეებს. ეკუმენურმა და 1930 - იანი წლების მოძრაობებმა ევროპაში მშვიდობისათვის მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ გადამწყვეტი როლი მის ცხოვრებაში შეასრულა აღმსაარებელი (ანტინაცისტური) ეკლესიის ბრძოლამ ჰიტლერული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. ბონჰოეფერი აღმსაარებელი ეკლესიის რადიკალურ ფრთას მიეკუთვნებოდა, ის იყო მისთვის ,,ჭეშმარიტი ეკლესია”, ხოლო, მისი აზრით, ჭეშმარიტსა და ცრუ ეკლესიებს შორის არავითარი შუალედი, არანაირი ,,სამეუფო გზა” არ არსებობს. ,,ვინც განეშორება აღმსაარებელ ეკლესიას, ის განეშორება ცხონებას”, - განაცხადა ბონჰოეფერმა 1935 წელს. დიტრიჰ ბონჰოეფერი აღმსაარებელი ეკლესიის თეოლოგიურ სკოლას ხელმძღვანელობდა ქალაქ ფინკენვალდეში. 1939 წელს ნიუ-იორკში გაემგზავრა და გერმანიაში II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაბრუნდა. მეგობრები ცდილობდნენ იგი ამერიკაში დაეტოვებინათ, თეოლოგიურ სემინარიაში ლექციებს სთავაზობდნენ, მაგრამ ბონჰოეფერმა იცოდა, რომ მოსალოდნელი მოვლენებისა და განსაცდელის დროს, მისი ადგილი გერმანიაში იყო. სამშობლოში დაბრუნებისთანავე გააგრძელა მსახურება, როგორც აღმსაარებელი ეკლესიის პასტორმა და აგრეთვე გაწევრიანდა ანტინაცისტური წინააღმდეგობის იმ ჯგუფში, რომელსაც ადმირალი კანარისი და პოლკოვნიკი ოსტერი ხელმძღვანელობდნენ. იგი ჯგუფის მეკავშირე იყო. 1943 წლის 3 აპრილს დააპატიმრეს, ხოლო 1945 წლის 9 აპრილს დიტრიჰ ბონჰოეფერი, ადმირალი კანარისი და პოლკოვნიკი ოსტერი სიკვდილით დასაჯეს ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკში. დიტრიჰ ბონჰოეფერის მოწამეობიდანაც შეიძლება სამი დასკვნის გაკეთება: მან გაიარა გზა საეკლესიო წინააღმდეგობიდან პოლიტიკურ წინააღმდეგობამდე. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ ეკლესია ვალდებულია პროტესტი განაცხადოს არა მარტო მაშინ, როდესაც სახელმწიფო მის საქმეებში ერევა, არამედ მაშინაც, როდესაც სახელმწიფო მოქმედებს უსამართლოდ, დანაშაულებრივად და არაადამიანურად. ეკლესია ვალდებულია პროტესტი განაცხადოს, როდესაც დევნიან და ხოცავენ ებრაელებს, კომუნისტებს, დემოკრატებს; როდესაც იმონებენ მთელ ერს. ბონჰოეფერი ეწამა არა მარტო ქრისტიანული რწმენის აღიარების უფლებისათვის, არამედ ამ სარწმუნოების ზნეობრივი ნორმების პოლიტიკაში გატარების უფლებისთვისაც. მან გადაწყვიტა ,,უფლის ამქვეყნიურ ტანჯვაში” მიეღო მონაწილეობა. მისი მოწამეობა იყო რელიგიურ-პოლიტიკური, მაშინ როდესაც პაულ შნაიდერის მოწამეობას შეიძლება რელიგიურ-საეკლესიო ვუწოდოთ. იმ წყაროს, რომელიც მას მოქმედების ძალებს აძლევდა, ბონჰოეფერი ,,შინაგან დისციპლინას უწოდებდა”. ამაში იგი უფალთან ურთიერთობას, ლოცვას, მედიტაციასა და სულიერი ცხოვრების წესრიგს გულისხმობდა. არც დიტრიჰ ბონჰოეფერი იყო დევნის, ტანჯვისა და სიკვდილის პასიური მსხვერპლი. 1939 წელს იგი ნებაყოფლობით დაბრუნდა გერმანიაში, შეგნებულად გახდა ანტინაცისტური პოლიტიკური წინააღმდეგობის წევრი და დაუპირისპირდა ჰიტლერის არაადამიანურ რეჟიმს.Source: მოლტმანი იურგენ, თანამედროვე ქრისტიანი მოწამეები/ არჩევანი №5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
Georgian encyclopedia. 2013.